ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 22 მარტი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის, ერთის მხრივ, განვითარებისთვის და, მეორეს მხრივ, რისკების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების საკითხებზე თანამშრომლობის ფართო ფორმატს სთავაზობს

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებისა და, ამავდროულად, შესაძლო რისკების სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე რატი ბრეგაძემ აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა წარმოქმნა იმგვარი სამართლებრივი რეგულაციების შემოღების საჭიროება, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, მეორე მხრივ კი, დაიცავს ადამიანის უფლებებს.

რატი ბრეგაძემ დისკუსიის მონაწილეებს კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა, კერძოდ:

  • იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ევროკავშირის სამართალთან თავსებად ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ რეგულირებაზე;
  • იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში შეიქმნება ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ სანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის (UNICRI) ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე. დისკუსია საჯარო და კერძო სექტორის, აგრეთვე, აკადემიური წრეების ჩართულობით წარიმართა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ლანა მორგოშიამ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში პლენარული სესიის ფორმატში ისაუბრა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა თემატურ სესიაზე „მნიშვნელოვანი მონაწილეობა როგორც საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის ხელშემწყობი ფაქტორი“. ლანა მორგოშიამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საჯარო ინსტიტუტები გახდნენ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ადამიანზე ორიენტირებული. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ციფრულ ინკლუზიასა და მონაწილეობით მმართველობას, რათა ყველას, მათ შორის, სოფლის მოსახლეობას, ახალგაზრდებს, ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ჰქონდეთ საკუთარი ხმის დაფიქსირების შესაძლებლობა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჯაროს სერვისების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები იყვნენ არა მხოლოდ საჯარო სერვისების მიმღებები, არამედ მათი ფორმირების აქტიური მონაწილეებიც.

თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.

გაზიარება
ბეჭდვა

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი მუშაობას სასესიო ფორმატში აგრძელებს

პანელურ დისკუსიებში იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საჯარო სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა და სხვ.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს. მაღალი დონის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის. ფორუმი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ გახსნეს.

ღონისძების მონაწილეები პანელურ დისკუსიებზე, სამუშაო სესიებზე განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ფორუმი 25 ივნისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.