ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 30 ივლისი, 2024
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „წარსულს ჩაჰბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას“

„2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც ცნობილია, აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება („საინვესტიციო ხელშეკრულება“). კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას და ითხოვდა, დაახლოებით, 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციას.

არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა:

  • მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება;
  • ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები;
  • პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი;
  • მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა. პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

ეს იყო საქმის სამართლებრივი დეტალები. რაც შეეხება ფინანსურ და პოლიტიკურ მხარეს, მოგახსენებთ შემდეგს:

ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1.5 მილიარდი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო ნაერთი ბიუჯეტის 25% (მეოთხედი) და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგი მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია. ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში ყოფნა დეკლარირებულად გსურს, მოსთხოვო სრულიად უსამართლოდ შენს საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.

დასკვნის სახით კი, ვიტყვი, რომ წარსულს ჩაჰბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას.

გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ.

„ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანია - თავისი უფლებებით, პრობლემებითა და სამართლიანობის მოლოდინით. თითოეული საქმე, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის წარმართული, აძლიერებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და მისი ხმა მართლმსაჯულების პროცესში სათანადოდ იქნება გაგონილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და განჭვრეტადი კანონმდებლობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა ის მიმართულებებია, რომლებზე მუშაობის პროცესშიც უფლებადამცველების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის როლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მოსაზრებების ღია გაცვლა და საერთო საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა… ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი ადამიანმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში უნდა იგრძნოს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.