ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

  • სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
  • სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

განაცხადების მიღება 11 ნოემბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. 2021-2024 წლებში უწყებამ 48 პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარი დააფინანსა.

სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.


საგრანტო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომისიის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ეროვნული ნარკოპოლიტიკის პრიორიტეტები და მიდგომები განიხილა.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა 4-სვეტოვან სტრატეგიას ეფუძნება და მისი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანისა და მიწოდების შემცირება.

მინისტრმა ECECACD-ის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობასა და იმ სტრატეგიულ დოკუმენტებზე, რომლებითაც საბჭო ხელმძღვანელობს. საუბარი ასევე, შეეხო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საქმიანობას და მის როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (UNODC); ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი (Pompidou Group) და ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტო (EUDA).

შეხვედრას ესწრებოდნენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.