ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 06 ივლისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი შეაჯამა

ფორუმი თემაზე „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მონაცვლეობით საქართველოსა და გერმანიაში გაიმართება, რაც ორ ქვეყანას შორის მდგრადი და შეუქცევადი სამართლებრივი თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობაა.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის შარშან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა.

ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამეცნიერო სფეროს.

ფორუმის ფარგლებში ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელათ სამართლის დარგში დღეს არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე, საინტერესო რეფორმებზე, ინოვაციებსა და ახალ საერთო ინიციატივებზე.

ფორუმმა შექმნა მყარი სამართლებრივი თანამშრომლობის ფორმატი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

ფორუმის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:

  • საქართველოსა და გერმანიის სამართლებრივი სისტემების ინსტიტუციური ორგანიზება;
  • საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოება;
  • ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების გაუმჯობესება;
  • აკადემიური წრეების როლი პოლიტიკის შემუშავებასა და მეცნიერებაზე დაფუძნებულ კანონშემოქმედებაში;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემების პროფესიული განვითარება.

ქართულ-გერმანულ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომებსა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ ღონისძიებებს.

გერმანული მხარისთვის, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და „ციფრული უნივერსიტეტი“;

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმზე გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.

მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.

UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

გაზიარება
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 5 აგვისტოს № 1228 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს; ამასთან, საქმიანობის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა არჩევნებში, რომელიც 2026 წლის 27 ნოემბერს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარეთა კომიტეტის 39-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100421?active=1

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.