ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა

გიორგი დგებუაძე სამართლის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

იგი იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.

გიორგი დგებუაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქვს აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტისა და ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის კვლევით პროექტებში; იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სააპელაციო პალატის მოწვეული სპეციალისტი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა, რითაც სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით.

გაზიარება
ბეჭდვა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

უძრავი ქონების სექტორში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასთან - PRYPCO TECHNOLOGIES-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

აღნიშნული პროცესის მიზანია უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისება და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური პროცესების დანერგვა.

მემორანდუმს ხელი მოეწერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.