ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 20 მარტი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საუბარი შეეხო საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად საქართველოს მიერ მოგებულ დავებს.

ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში გაერთიანებული სამეფოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა უწყებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

იუსტიციის მინისტრმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა უწყებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ოთარ ჩახუნაშვილმა და პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ უწყებები ეფექტიანად თანამშრომლობენ ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია; პრობაციონერებისა და პირობით მსჯავრდებულების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი პენიტენციურ დაწესებულებებში და სხვ.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა იუსტიციის მინისტრსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძეს უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.

მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.

გაზიარება
ბეჭდვა

ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული მოედნები და კინოთეატრი აშენდება

ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ ახალ პროექტებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილე ლანა მორგოშიასთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესთან ერთად გაეცნო.

უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში კინოთეატრი, ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის სპორტული მოედნები მოეწყობა, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და მათთვის დამატებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ შესაძლებლობებს შექმნის.

ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მცირე ზომის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. დაწესებულებაში ქალი და კაცი მსჯავრდებულები ერთ სივრცეში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არიან განთავსებული.

მაღალი სტანდარტის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საჭიროებაზე მორგებული არაერთი სივრცე ფუნქციონირებს, მათ შორის, ციფრული უნივერსიტეტი, სადაც მათ ონლაინ ლექციებზე დასწრება და უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ; ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით გახსნილია იუსტიციის სახლიც; სამედიცინო ნაწილი სრულად არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით; მოწყობილია ინდივიდუალური სასეირნო და სარეაბილიტაციო სივრცეები ყველა ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დიდი ზომის დაწესებულებების ეტაპობრივად მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულებაც, რომელიც სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე თანამშრომელთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ღირსეულ და თანამედროვე გარემოს.