ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 12 ივლისი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალზე მოხსენებით წარსდგა

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრებმა. მინისტერიალის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის ელექტრონული საშუალებებით ინფორმაციის გაცვლა.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე იუსტიციის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) ფარგლებში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.

რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ელექტრონული და ციფრული საშუალებებითაც წარმართოს, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საქართველოში წლებია აქტიურად გამოიყენება ელექტრონული ხელმოწერისა და დოკუმენტაციის ციფრული საშუალებებით გაცვლის პლატფორმები. ამგვარი პრაქტიკა არსებობს არაერთ სახელმწიფოსთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებშიც და თუ ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან იქნება მზაობა, საქართველო აქტიურად ჩაერთვება თანამშრომლობის ელექტრონული გზებით განხორციელების ინიციატივაში.

ელექტრონული სერვისების მუშაობის ეფექტურობა და გაძლიერება დღის წესრიგში მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებული გლობალური კრიზისების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურად დადგა. სწორედ ამ პერიოდში გახდა აუცილებელი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში ელექტრონული კომუნიკაციებისა და სერვისების დამატებითი ინსტრუმენტების შექმნა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ ტრადიციულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს.

ეროვნულ არქივში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მოადგილეებთან ერთად გახსნა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 2-4 აპრილს, 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.