ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 17 ივლისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უმასპინძლა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის სახელმწიფო დელეგაციას სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება გაუზიარა.
უზბეკეთის დელეგაცია, ასევე, გაეცნო იუსტიციის სამინისტროს ქართულ ინოვაციას – იუსტიციის სახლებს პენიტენციურ დაწესებულებებში.

რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელზე, მათ შორის, ისეთ ქართულ ინოვაციურ პროექტზე, როგორიცაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს.

იუსტიციის მინისტრმა უზბეკეთის დელაგაციას ასევე საქართველოში სასჯელის აღსრულების მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა ,,პრობბოქსი“ გააცნო. ,,პრობბოქსი“ ევროპაში პირველი ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელშიც ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა.

უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.

მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.

UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.