ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 დეკემბერი, 2021
გაზიარება

რატი ბრეგაძე იტალიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ მარტა კარტაბიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს და ამ კუთხით იტალიასთან თანამშრომლობის საკითხებს, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაც. ამ საკითხზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. იგეგმება, აგრეთვე, ორი ქვეყნის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ იტალიის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის სამ სესიაზე. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პოლიტიკას, პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმას, ასევე ციფრული მმართველობისა და ინოვაციების ინტეგრაციას სამინისტროს საქმიანობაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყაზახეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს, თბილისში გაიმართება.

ყაზახეთის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და პლატფორმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბლოკჩეინ ქსელზე გადატანის შესაძლებლობები, რაც საკუთრების უფლების კიდევ უფრო მეტ დაცულობას, პროცესების გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს.

კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სასაგენტოს მიერ დანერგილი სერვისის, “გონიერი კონტრაქტის” და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. ამ კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება უძრავი ქონების ტოკენიზაცია, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

საჯარო სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფების შექმნა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით, რაც ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ ფაზაში გადაიყვანს.