არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ფუნქციები:
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და წარმომადგენლობის კოორდინაცია და შესაბამისად სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. დეპარტამენტი სახელმწიფო წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოს, საქართველოს მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ დაწყებულ კომერციულ და საინვესტიციო დავებზე. დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებში შედის ასევე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული, ან/და საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა და შესაბამისი პროცესის კოორდინაცია.
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი ასევე ახორციელებს საარბიტრაჟო ტრიბუნალების ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაციას.
გარდა ზემოაღნიშნული ძირითადი ფუნქციებისა, დეპარტამენტი მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ორმხრივი და მრავალმხრივი საინვესტიციო და სავაჭრო ხელშეკრულებების მოლაპარაკებებში. დეპარტამენტის ჩართულობა განპირობებულია იმით, რომ საინვესტიციო და კომერციულ დავებზე სახელმწიფო წარმომადგენლობის პროცესში უცხოური ინვესტიციების დაცვისა და საინვესტიციო და კომერციული დავების გადაწყვეტის კუთხით დაგროვილი გამოცდილება და ექსპერტიზა გამოყენებულ იქნეს მოლაპარაკებების პროცესში. ასევე, დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სახელმწიფოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციული არბიტრაჟისა და უცხოური ინვესტიციების დაცვის საკითხებზე. მოცემულ ეტაპზე დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს წარმომადგენლობას სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში:
- გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისია (UNCITRAL) - კომისიის III სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების გადაწყვეტის არსებული სისტემის - საინვესტიციო არბიტრაჟის -ძირეულ რეფორმას.
- მსოფლიო ბანკის ფარგლებში შექმნილი საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) - ცენტრის საარბიტრაჟო განხილვის წესებისა და მორიგების პროცედურების, ასევე ცენტრის სხვა ინსტიტუციონალური თუ ადმინისტრაციული დებულებების შეცვლის შესახებ მოლაპარაკებები.
- ენერგეტიკული ქარტიის სამდივნო (ECT) - ენერგეტიკული ქარტიის მოდერნიზაციის პროცესში, რაც მოიცავს ქარტიის ინვესტიციების დაცვისა და საინვესტიციო არბიტრაჟის დებულებების არსებით გადასინჯვას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ანთია
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: (+995 32) 2 405 044