ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 22 დეკემბერი, 2022
გაზიარება

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი უძღვებოდა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

დოკუმენტი საერთაშორისო შეფასებებს, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში გახმიანებული რეკომენდაციების საპასუხო ღონისძიებებს მოიცავს. ამასთან, ახალი სამოქმედო გეგმა მიმართულია ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გამოვლენის მექანიზმების დახვეწისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების, ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამოცანების შესრულებისაკენ.

საბჭოს სხდომაზე, ასევე, განხილულ და მხარდაჭერილ იქნა ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს 2023-2026 წლების სტრატეგიის პროექტი. სტრატეგიის მიზანს ოჯახურ გარემოში განთავსების/დაბრუნების გზით ბავშვების ქუჩაში მოხვედრის პრევენცია და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების რაოდენობის შემცირება წარმოადგენს.

სტრატეგიის პროექტს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიმართა და მას საბჭოს წევრი უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ.

„ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანია - თავისი უფლებებით, პრობლემებითა და სამართლიანობის მოლოდინით. თითოეული საქმე, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის წარმართული, აძლიერებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და მისი ხმა მართლმსაჯულების პროცესში სათანადოდ იქნება გაგონილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და განჭვრეტადი კანონმდებლობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა ის მიმართულებებია, რომლებზე მუშაობის პროცესშიც უფლებადამცველების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის როლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მოსაზრებების ღია გაცვლა და საერთო საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა… ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი ადამიანმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში უნდა იგრძნოს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.