ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 09 დეკემბერი, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტი) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) რიგით 24-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჰააგაში გაიმართა.

ასამბლეა პირველ დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ტომოკო აკნემ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდენტმა პეივი კაუკორანტამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენერალური დებატების სესიაზე მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ დაადასტურა საქართველოს აქტიური თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით.

გიორგი დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებზე, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, სადაც სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიცია გაიზიარა და შედეგად რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა.

გიორგი დგებუაძემ ასამბლეის ფარგლებში გამართა შეხვედრები რომის სტატუტის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სამართლებრივ დისკუსიებში სასამართლოს საქმიანობის საკითხებზე.

ქართული დელეგაციიდან ასამბლეას ასევე ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კონსტანტინე კაპანაძე.



სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი ინსტიტუციური და აკადემიური პროექტების განვითარებას.

აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრსა” და იუტას ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც Stirling Foundation-თან პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება.

შეხვედრას ესწრებოდა სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრის” დირექტორი გვანცა ვარამაშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

გამოფენა ასახავს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.

საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით საექსპოზიციოდ არქივისათვის გადაცემული ორი შესამოსელი. მათგან ერთ-ერთი ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, ეცვა; ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც ილია II ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიარქების – ეფრემ II-ისა და ილია II-ის – კუთვნილი ჯვარი.

გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი ურთიერთობა. ილია II ეროვნულ არქივს სამჯერ ეწვია. მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს — ანჩის სახარებას (XII ს.). ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა; ასევე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების – რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, გიგლა ბენაშვილის, ბადრი და ირაკლი ვადაჭკორიების, ბესო გულიაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი მეურმიშვილის – ნამუშევრები.
ფოტომასალის ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად ნახავს.

გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პატრიარქის ღვაწლზე და უწმინდესისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულა პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდმა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას მაისის ბოლომდე უმასპინძლებს.

დათვალიერება თავისუფალია.