ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა Eurojust-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა Eurojust-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, რაც ევროინტეგრაციის პროცესში სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეფექტიანი და კოორდინირებული მოქმედებების დადებით გავლენას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

რატი ბრეგაძემ Eurojust-ის პრეზიდენტს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პროცესში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ახალი ინიციატივები გააცნო.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაზე პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ უწყების პრიორიტეტებს შორისაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივ სფეროებში.

ქართულმა მხარემ გამოხატა მზაობა, გაუზიაროს ყირგიზეთს გამოცდილება სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების მიმართულებით.
პაატა სალიამ მაკსატ მამიტკანოვი და ყირგიზეთის დელეგაცია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა ივანიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

იუსტიციის მინისტრმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დაათვალიერებინეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდებულებმა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.