ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
გაზიარება

ეროვნულ არქივში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

ქრისტიანობის მიღებითა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურა, აზროვნება, სახელმწიფოებრივი განვითარება და ფასეულობები. იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, მხატვრობაში, საგალობელსა თუ ლიტერატურაში.

კონფერენცია გახსნეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი კლაუდია რაპი და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი.

ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. ისინი წარადგენენ უახლეს სამეცნიერო კვლევებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, რომისა და სასანიანთა იმპერიებში მიმდინარე პარალელური პროცესებისა და მსოფლიოში არსებული ნარატივების ჭრილში. მოხსენებები ეთმობა განმანათლებელთა მოღვაწეობას, მონასტიციზმის განვითარებას, ქართული ეკლესიის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, ლიტურგიკას, წმინდანებისა და დღესასწაულების ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქრისტიანობის, როგორც წიგნიერი სარწმუნოების, როლზე, ასევე ქრისტიანულ ხელოვნებასა და კულტურაზე, შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიასა და რელიგიის გააზრებაზე გვიან შუა საუკუნეებსა და მოდერნულ ეპოქაში.

კონფერენცია საქართველოს ეროვნულ არქივში 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.