სიახლეები

იუსტიციის მინისტრი: „სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები თქვენობით ელაპარაკებოდნენ, იქიდან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა“
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსჯავრდებულ სააკაშვილის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის პროცესი მისი უფლებების დაცვით განხორციელდა. რატი ბრეგაძემ ამის დამადასტურებლად დღეს გავრცელებული კადრები მოიყვანა.
„გავრცელდა კადრები, როდესაც მას რეანიმობილში, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები, თქვენობით ელაპარაკებოდნენ; მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო; ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება და იქიდან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ თითოეული ჩვენგანის უსაფრხოებისათვის:
„ეს არ არის მარტივი გასაძლები, როდესაც დაუმსახურებლად იღებს ასეთ შეურაცხყოფას ადამიანი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის დღეს და ღამეს ასწორებს. ბუნებრივია, ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ; ვერცერთ პატიმარს და ვერცერთ ადამიანს, რომ ჩვენს თანამშრომელს უსამართლოდ შეეხოს და არ დაემორჩილოს მის კანონიერ მოთხოვნას“.
რაც შეეხება ძალის გამოყენებას მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს არ დაემორჩილა, იუსტიციის მინისტრის თქმით, გამოყენებული იყო „სრულიად პროპორციული ძალა“. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, აგრეთვე, რომ ამ ფაქტზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებენ და საბოლოო სამართლებრივ შედეგს გამოძიება დაადგენს.
სხვა სიახლეები
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს
საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.
Geo
Eng