ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 01 აპრილი, 2022
გაზიარება

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებით არ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც მოითხოვს წინამდებარე საჩივრის განხილვას.

ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები.

მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა.

მიმაგრებული დოკუმენტები

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დაესწრო. მან მინდია უგრეხელიძე სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „იუსტიციის მედლით“ დააჯილდოვა.

მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ორტომეულში თავმოყრილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეის მიმართ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. გამოცემა წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროს, არამედ სამეცნიერო ნაშრომს თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

გიორგი დგებუაძე სიტყვით პლენარული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ დებატებზე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში. გიორგი დგებუაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერებას, თავშესაფრის სისტემების რეფორმირებას, სასაზღვრო ტექნოლოგიების გაციფრულებას, მიგრანტთათვის რეინტეგრაციის პროგრამებისა და სერვისების გაფართოებას.

მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის მიზანია ქვეყნების დახმარება გლობალურ დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაში, არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებასა და მიგრაციასთან დაკავშირებული გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში.

საქართველოს დელეგაციას ღონისძიებაზე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.