ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 26 ივლისი, 2024
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალს შექმნის

"ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მთავრობის მიერ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კოორდინატორის ფუნქციას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასრულებს.

საჯარო რეესტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის გახსნით ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდა ყველა სამინისტროსა და შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. შეხვედრის მთავარ მიზანს საკოორდინაციო საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა.

"სახელმწიფოს მიზანია, ერთის მხრივ, შეიქმნას ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა და, მეორეს მხრივ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა თავსებადი იყოს ევროკავშირის სივრცითი ინფორმაციის (INSPIRE) ინფრასტრუქტურასთან, რის თაობაზეც ყველა უწყება მჭიდროდ ითანამშრომლებს" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დამსწრე საზოგადოებას ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და გეოპორტალის შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის თავმჯდომარე - დავით დევიძემ. აღნიშნულ პორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს სრულად, შედეგად, სახელმწიფო უწყებები და მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ ქვეყანაში არსებული სივრცითი ობიექტის ყველა მწარმოებლის ავთენტური მონაცემის გაცნობასა და ჩამოტვირთვას.

ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ელექტრონული მმართველობის განვითარებისა და საჯარო ადმინისტრირების მხრივ. მას გადამწყვეტი როლი აქვს ხანძრის, საგზაო შემთხვევების, ბუნებრივი კატასტროფების, კრიზისული და სამაშველო სიტუაციების ოპტიმალურად და შედეგიანად მართვისთვის, ასევე, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესაფასებლად. ერთიანი სტანდარტით გეოპორტალზე მონაცემების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს პროცესების მართვის ოპტიმიზაციას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისათვის.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.