ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
გაზიარება

მსოფლიო ბანკი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს

მსოფლიო ბანკი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის (GRAIL) “მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესების და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის'' კომპონენტის მიმდინარეობა და 2026 წელს დაგეგმილი აქტივობები.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

საჯარო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ ეს უწყება სამაგალითოა პროექტის მართვითა და ინოვაციური განვითარებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია.

მსოფლიო ბანკის დელეგაცია საქართველოში პროექტის - „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის“ პროექტის მიმდინარეობის შეფასების მიზნით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დანერგილ სხვა ისეთ ინოვაციებსაც გაეცნენ, როგორიცაა: ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტი; მულტიფუნქციური გეოპორტალი NSDI.GOV.GE; გონიერი კონტრაქტი და სხვ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.