ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 11 ივლისი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ განრიდება-მედიაციის განვითარების საკითხები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განრიდება-მედიაციის პროგრამების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განრიდებისა და მედიაციის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საჭიროებას, ადამიანური რესურსებისა და სარეაბილიტაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, მონაცემთა გაცვლისა და დამუშავების სისტემების გაუმჯობესებას.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს განრიდებისა და მედიაციის პროცესში უწყებათაშორისი და მულტიდისციპლინური კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ერთობლივი ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა

18 ოქტომბერი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე პროაქტიული გამოვლენის, მსხვერპლთა დაცვა-დახმარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით; აღნიშნული პოლიტიკის კოორდინაციას კი, ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით. საგულისხმოა ისიც, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო უკვე მე-11 წელია, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო – 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

გაზიარება
ბეჭდვა

ქალი მსჯავრდებულები ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებს შეისწავლიან

N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ სასწავლო კურსებში 60-მდე ქალი მსჯავრდებული ჩაერთვება. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ინგლისური ენა საბაზისო დონეზე შეისწავლონ და ციფრული უნარები განივითარონ.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო პროცესში ჩართულია კოლეჯი „მოდუსი“.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სასწავლო კურსები კარიერული კონსულტაციის სესიების საფუძველზე დაიგეგმა. კონსულტაციები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა ორი მიმართულება — ინგლისური ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარები, რომელთა განვითარებაც მონაწილეებს დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი სამზარეულო, სადაც ქალი მსჯავრდებულების კულინარიის მიმართულებით პროფესიული გადამზადება იგეგმება.