ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025
გაზიარება

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.

საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა.

საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.