სიახლეები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო
მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ მომხსენებელ ჯერარდ ქუინთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, სამინისტროს მიერ პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში შშმ თემის წარმომადგენელთა ჩართულობა, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი საცხოვრებელი პირობები და სხვ.
ჯერარდ ქუინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასება.
ანგარიშს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სხდომაზე 2024 წლის მარტში წარადგენს.
სხვა სიახლეები
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში საქართველოდან ასარჩევი წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფში (GRETA) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 5 აგვისტოს № 1228 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი არის ევროპის საბჭოს სისტემაში მოქმედი დამოუკიდებელ ექსპერტთა ორგანო, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგს უზრუნველყოფს; ამასთან, საქმიანობის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის წევრები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.
კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა არჩევნებში, რომელიც 2026 წლის 27 ნოემბერს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მხარეთა კომიტეტის 39-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100421?active=1
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
Geo
Eng