ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 26 აგვისტო, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის წევრები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მხარეს სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო; ხაზი გაესვა ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილი პროგრამების მნიშვნელობას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურას და სისტემის მართვის სტანდარტებს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.