ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 03 იანვარი, 2023
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კურატორ მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

გარდა ამისა, 3 იანვრიდან 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

ცვლილების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისები ყველა ლოკაციაზე გათანაბრდა. კერძოდ, ყოფილ საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სახლში არსებული ყველა სერვისი დაინერგა და განახლდა ინფრასტრუქტურა.

იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას, თუ სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებდა, უკვე აქვს შესაძლებლობა თითქმის გაორმაგებული რაოდენობის სახელმწიფო სერვისები, იუსტიციის სახლის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიიღოს.

2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რიცხვი, საქართველოს მასშტაბით 117 შეადგენს,ხოლო სერვისების რაოდენობა 470-ზე მეტს.

3-6 იანვარს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.

გამონაკლისს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, 3 -6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ ახალ წელს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.