ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 03 თებერვალი, 2023
გაზიარება

ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ერთობლივი განცხადება ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების თაობაზე

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად აძლიერებენ სამართალდამცავ და მართლმასჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.

2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს - იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სამართალდაცვითი თანამშრომლობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელიც 30 წელს ითვლის, მათ შორის, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური თაღლითობის, ორგანიზებული დანაშულის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულებებთან ბრძოლის თვალსაზრისით. სამართალდაცვითი თანამშრომლობის წყალობით, ორმა ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძლიერი პარტნიორობა და ნდობა, რაც არის შემდეგი ნაბიჯი ურთიერთობის განვითარებისთვის.

ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას.


სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ.

„ადვოკატის საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ადამიანია - თავისი უფლებებით, პრობლემებითა და სამართლიანობის მოლოდინით. თითოეული საქმე, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით არის წარმართული, აძლიერებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და მისი ხმა მართლმსაჯულების პროცესში სათანადოდ იქნება გაგონილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხარისხიანი და განჭვრეტადი კანონმდებლობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა ის მიმართულებებია, რომლებზე მუშაობის პროცესშიც უფლებადამცველების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

„იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ ურთიერთობის საფუძველი უნდა იყოს ერთმანეთის როლისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, მოსაზრებების ღია გაცვლა და საერთო საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა… ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგი ადამიანმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვაში უნდა იგრძნოს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.