სიახლეები

რატი ბრეგაძე: „ვინ გვაბრალებს წამებას? – ის რეჟიმი, რომელსაც პატიმრები ჩაჰყავდა და მიცვალებულებზე აბამდნენ?!“
„აქ არის სწორედ წყალგამყოფი, როდესაც ვინმე ბედავს და მსგავს ტყუილს ამბობს, როდესაც ვინმე ჩვენ გვაბრალებს წამებას. და ვინ გვაბრალებს წამებას? – ის რეჟიმი, რომელსაც პატიმრები ჩაჰყავდა და მიცვალებულებზე აბამდნენ?!“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. როდესაც ეს რეანიმობილი გაჩერდა, როგორც ამბობს ბატონი გვარამია, რომ თითქოსდა ეს რეანიმობილი ჩვენ გავაჩერეთ 30 მეტრის მოშორებით სპეციალურად, რომ, როგორც ის ამბობს, მერე გადმოგვეთრია პატიმარი და გვეთრია 30 მეტრი – რა არის? ბუნებრივია, ეს არის უკვე ღირსების შემლახავი მოპყრობა, ხომ?! თითქოსდა უნდა დაენახა ყველა სხვა პატიმარს, როგორ მიათრევდნენ სააკაშვილს, რაც არის მტკნარი სიცრუე, და ეს იხილა საზოგადოებამ – როგორ არის რეანიმობილი მიყენებული ზუსტად პირდაპირ პანდუსთან და სწორედ აქ მოხდა მისი გადმოყვანა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია იყო ტყუილი და მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას.
„ეს იყო მორიგი ტყუილი, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან საშიშ ტენდენციას და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევა, დასუსტების მცდელობა, რასაც ძალიან სახიფათო და გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებისთვის. და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, არ გვეშინია არც მათი ბულინგის, არც მათი ტროლების, არც მათი უზრდელური გამონათქვამების და არც მათი კუნთებზე ყურების; ამისი არავის ეშინია. ჩვენ ვართ ნებისმიერი სცენარისთვის მზად და, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად დავიცვათ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უფლებრივი მდგომარეობა. ამაში ვერავინ შეგვიშლის ხელს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
პაატა სალიამ გაერო-ს ფორუმის მონაწილეებს მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო
საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების მოდელსა და სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში მიმდინარე გაერო-ს ფორუმზე.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი მრგვალი მაგიდის ფორმატში გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა დელეგატების კითხვებს უპასუხა და ყურადღება გაამახვილა ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ქვეყანაში საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას უზრუნველყოფს.
კერძოდ, აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ ერთიან ელექტრონულ პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა; სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია კი, განმტკიცებულია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტით.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
23-25 ივნისს თბილისი საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.
მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის
Geo
Eng