ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 19 ნოემბერი, 2022
გაზიარება

ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

რატი ბრეგაძე პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხი. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით სახელმწიფო სერვისების მიწოდების და მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ქართული მხარის ერთ-ერთი პრიორიტეტია; პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში.

მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებაზეც ისაუბრეს.

რატი ბრეგაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პორტუგალიის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ევროკავშირში გაწევრების ყველა ეტაპზე.

შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;

აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ICRC-ის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„წლებია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოსთვის საიმედო და კონსტრუქციული პარტნიორია. უაღრესად ვაფასებთ ორგანიზაციის მრავალწლიან ჩართულობას და იმ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ როლს, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის მიმართულებით ასრულებს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტებზე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი.