ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 19 ნოემბერი, 2022
გაზიარება

ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

რატი ბრეგაძე პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხი. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით სახელმწიფო სერვისების მიწოდების და მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ქართული მხარის ერთ-ერთი პრიორიტეტია; პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში.

მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებაზეც ისაუბრეს.

რატი ბრეგაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პორტუგალიის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ევროკავშირში გაწევრების ყველა ეტაპზე.

შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, ამ მიდგომის ეფექტიანობას 2025 წლის სტატისტიკაც ადასტურებს – საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა.

იუსტიციის მინისტრმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო

იუსტიციის მინისტრი ზვიად გაბისონიას წიგნის – „ციფრული მმართველობა და სამართლის ტექნოლოგიები“ – პრეზენტაციას დაესწრო. პაატა სალიამ პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროს როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში; ტექნოლოგიების განვითარების ფონზე წარმოქმნილ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულებისა და ქონებრივი უფლებების სფეროში და ამ პროცესის სამართლებრივი რეგულაცია; სამართლის ახალი დარგების – ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტსამართლის, სოციალური ქსელებისა და სოციალური მედიის მარეგულირებელი ნორმების განვითარების მნიშვნელობა და სხვ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, აგრეთვე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნაშრომი ხელოვნური ინტელექტის იუსტიციისა და განათლების სისტემებში დანერგვის საკითხებს ეხება და მას წინ უძღოდა ონლაინ ლექციების კურსი „ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიების სამართალი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა.