ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ბერაია დაინიშნა

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა.

ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ფორუმს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

გიორგი დგებუაძე სიტყვით პლენარული შეხვედრის ფარგლებში ორგანიზებულ დებატებზე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კოორდინირებული მიდგომების მნიშვნელობას, აგრეთვე, მიგრაციის მართვისას გლობალური პრინციპებისა და ეროვნული კონტექსტის კომპლექსურ გათვალისწინებას გამოწვევებზე რეაგირების პროცესში. გიორგი დგებუაძემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერებას, თავშესაფრის სისტემების რეფორმირებას, სასაზღვრო ტექნოლოგიების გაციფრულებას, მიგრანტთათვის რეინტეგრაციის პროგრამებისა და სერვისების გაფართოებას.

მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის მიზანია ქვეყნების დახმარება გლობალურ დონეზე მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაში, არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებასა და მიგრაციასთან დაკავშირებული გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში.

საქართველოს დელეგაციას ღონისძიებაზე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელსაც შეხვდა.

გაზიარება
ბეჭდვა

მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელსაქმისა და კერვის მასტერკლასები ჩატარდება

N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ლანა მორგოშიამ და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს, სტუმრებთან ერთად უმასპინძლეს.

პირველი ლედი გაეცნო მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ მრავალფეროვან სივრცეებს. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდებული ქალები ჯგუფი კახაბერი და ხანუმების სასცენო სამოსს შეკერავენ.

სტუმრობის დასასრულს, მსჯავრდებულებისა და ჯგუფი „კახაბერი და ხანუმების" კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.