ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 21 ოქტომბერი, 2024
გაზიარება

თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დასრულებულია – რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი სისტემაში სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა.

სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს – ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს; ამას გარდა, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, რაც, აგრეთვე, სიახლეს წარმოადგენს.

მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები; ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში; უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყველაფერი ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.

მუზეუმი დამთვალიერებლებს მდიდარ და მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.

ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.