ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 28 თებერვალი, 2022
გაზიარება

რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პროევროპულობას საქმით და არა ყალბი განცხადებებით“

„ჩვენ ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ვმოქმედებთ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, ბუნებრივია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.


რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ორიენტირებული დაყვედრებაზე და ადამიანებს და მეგობარ სახელმწიფოებს ყოველ წამს არ ახსენებს გაწეული დახმარების შესახებ. იუსტიციის მინისტრი ოპოზიციის ქმედებებსაც გამოეხმაურა და უკრაინის ნაცვლად შიდაპოლიტიკურ საკითხებზე დისკურსის გადმოტანას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.


მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და მკაფიოდ განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განცხადებების ნაცვლად, საქმით დამტკიცდა ქვეყნის პროევროპული კურსისადმი ერთგულება.


„სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში კონსტიტუციაში იქნა მიღებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც გაჩნდა კონსტიტუციაში მუხლი 78 და სწორედ ამ კონსტიტუციურმა ჩანაწერმა მისცა დავალება ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ღონისძიება, რომ მოხდეს საქართველოს სრულფასოვანო ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. აი აქ გამოხატა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ უკვე მოიგო ორი უმნიშვნელოვანესი სარჩელი: „სწორედ „ქართული ოცნების“ პერიოდში მოიგო საქართველომ საქმე უკანონოდ დეპორტირებულებზე და რუსეთის ფედერაციას დაეკისრა ვალედებულება, გადაიხადოს 10 მილიონი ევრო... საქართველომ მოიგო ე.წ ომის საქმე, რომლის თანახმადაც პირველად გაჩნდა საერთაშორისო დოკუმენტებში ჩანაწერი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი“.


მინისტრი ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება და მას ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის:


„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში შესაძლებელი გახდა უვიზო მიმოსვლა ევროპის კავშირთან. დღეს საქართველო ევროპის კავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პროევროპულობას საქმით და არა ყალბი განცხადებებით“.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის გენერალური დირექტორი ჯანლუკა ესპოზიტო ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს შორის თანამშრომლობა და სამომავლო ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს თანმიმდევრულ და ეფექტიან თანამშრომლობას და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრედერიკ დოლტი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. სტუმრებს იმ უნივერსალუური კონცეფციის დეტალები გააცნეს, რომელიც მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, უზრუნველყოფს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჟვანიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციის წევრებს მომსახურების სივრცე დაათვალიერებინეს და ის ტექნოლოგიური სიახლეები წარუდგინეს, რომლებსაც იუსტიციის სახლი ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს.

იუსტიციის სახლის სტუმრებმა იმ 600-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 127 ფილიალშია ხელმისაწვდომი. ყურადღება დაეთმო „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მაღალმთიან დასახლებებსა და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აწვდის.

ვო თჰი ან სუანმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის რესპუბლიკა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იწყებს, რაშიც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი შეეხო შემდგომი კონსულტაციების მიზნით თანამშრომლობის ჯგუფების ჩამოყალიბებასაც.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოში მაღალი დონის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.