ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 2024
გაზიარება

საქართველო პენიტენციური სისტემის მართვის სფეროში ხორვატიის გამოცდილებას იზიარებს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, ლეპოგლავას ციხის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ქართულმა დელეგაციამ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ინფორმაცია მიიღო პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი პატიმართა რეაბილიტაციის, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების შესახებ.

რატი ბრეგაძემ ციხის ადმინისტრაციას ქართული ინოვაციები გააცნო. მასპინძელი მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა „რე-მარკეტისა“ და „ციფრული უნივერსიტეტის", აგრეთვე, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების ფუნქციონირებით.

საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას უწყება მომავალშიც გააგრძელებს.

ქართული დელეგაცია ზაგრებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მიზანი კანდიდატი ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე ხორვატიის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები წარადგინა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.