ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2026
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია, კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციური ტექნოლოგიების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული მმართველობის განვითარების საკითხებში.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის კონცეფცია. ამ მიდგომის მთავარი იდეაა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი და ის ემსახურებოდეს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოქალაქის მოთხოვნებზე სახელმწიფოს მხრიდან უფრო სწრაფ რეაგირებას“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ციფრული მმართველობის, ელექტრონული სერვისების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, იუნ ჰო-ჯუნის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს:


,,ძალიან კარგი შეხვედრა შედგა საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმავოთ ციფრული თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ჩვენ სამინისტროებს შორის, განსაკუთრებით, ციფრული განვითარების დაჩქარებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ფორუმების ორგანიზებას. ცენტრს აქვს პოტენციალი, შეასრულოს რეგიონული ჰაბის ფუნქცია ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის ახალი მიდგომების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ს შემდგომი განვითარება.

კორეელ პარტნიორებთან ერთად ოქტომბრის დასაწყისში საქართველო უმასპინძლებს ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრას.


ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს ვიზიტით ეწვია იაპონიის ციფრული სააგენტოს დელეგაცია, იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ჰიდეტო კავასაკის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ იაპონიის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია სერვისების ხელმისაწვდომობისა და გაციფრულების მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან სიახლეებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი, ხოლო გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება; სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში; 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე MY.GOV.GE; მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში განხორციელებულ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე, რომელმაც საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიო მასშტაბით სამაგალითოა და „საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს“. რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთათვის საამზომველო სამუშაოები და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ განხორციელა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი სარაჯიშვილი, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის გამგეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის მოახლოებული არჩევნები იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სანოტარო სფეროს განვითარების სამომავლო ხედვებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე სანოტარო სფეროს ციფრული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები.