ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2023
გაზიარება

სტრასბურგის სასამართლომ ნიკანორ მელიას დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერად მიიჩნია

დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ამასთანავე, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ეცადა პარლამენტში შეჭრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააწესა მისი ელექტრონული მეთვალყურეობა.

2020 წლის 1-ელ ნოემბერს მიმდინარე აქციაზე, ნიკანორ მელიამ პროტესტის ნიშნად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია გირაოს პირობები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს თანხა გაზარდა 40,000 ლარით. ვინაიდან ნიკანორ მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეცვალა პატიმრობით. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, იგი 2021 წლის 10 მაისს გათავისუფლდა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრებაზე პალატის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს

ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ გახსნა. მან აღნიშნა, რომ წესდების ცვლილებების შემუშავებისა და განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება. ნოტარიუსებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები.

წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრობის კანდიდატი ვალდებულია, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, პალატას წარუდგინოს განცხადება და სამოქმედო პროგრამა. განხილვის შედეგად, წესდებაში შესატანი ცვლილებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

რიგგარეშე კრებაზე, პალატის წესდებაში შესატან ცვლილებებთან ერთად, ნოტარიუსებმა ასევე „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც გამგეობის წევრთა რაოდენობა 11-დან 7-მდე შემცირდება. გამგეობაში თითო წევრი წარმოდგენილი იქნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან, თითო წევრი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან და 3 წევრი - თბილისში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

კრებას ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
ბეჭდვა

„მობილურ იუსტიციის სახლს“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.

სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, EPSA 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე.

EPSA-ს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი (European Institute of Public Administration – EIPA) უწევს ორგანიზებას. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს.

მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით.

„მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.

„მობილური იუსტიციის სახლისთვის“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატის მინიჭება პროექტის ევროპულ დონეზე აღიარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო შეფასებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა იუსტიციის სამინისტროს გუნდისთვის, რომელმაც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მოდელი შექმნა.