ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 01 დეკემბერი, 2025
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასა და პლატფორმის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბლოკჩეინ ქსელზე გადატანის შესაძლებლობები, რაც საკუთრების უფლების კიდევ უფრო მეტ დაცულობას, პროცესების გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს.

კომპანიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სასაგენტოს მიერ დანერგილი სერვისის, “გონიერი კონტრაქტის” და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. ამ კუთხით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება უძრავი ქონების ტოკენიზაცია, რაც რეალური აქტივების ელექტრონულ ერთეულებად გარდაქმნას გულისხმობს.

საჯარო სექტორში უახლესი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით, მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფების შექმნა იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით, რაც ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობას აქტიურ ფაზაში გადაიყვანს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.