ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს თბილისის იუსტიციის სახლში უმასპინძლა.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. სტუმრებს იმ უნივერსალუური კონცეფციის დეტალები გააცნეს, რომელიც მოქალაქეთა სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით, უზრუნველყოფს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჟვანიამ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სამთავრობო დელეგაციის წევრებს მომსახურების სივრცე დაათვალიერებინეს და ის ტექნოლოგიური სიახლეები წარუდგინეს, რომლებსაც იუსტიციის სახლი ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს.

იუსტიციის სახლის სტუმრებმა იმ 600-მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 127 ფილიალშია ხელმისაწვდომი. ყურადღება დაეთმო „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტს, რომელიც სახელმწიფო სერვისებს მაღალმთიან დასახლებებსა და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე აწვდის.

ვო თჰი ან სუანმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის რესპუბლიკა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იწყებს, რაშიც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამასთან, საუბარი შეეხო შემდგომი კონსულტაციების მიზნით თანამშრომლობის ჯგუფების ჩამოყალიბებასაც.

ვიეტნამის სამთავრობო დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოში მაღალი დონის პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს იუსტიციის დღე მიულოცა და ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა მნიშვნელოვან როლს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში. მან აღნიშნა, რომ სისტემის მთავარი ღირებულება სწორედ მისი თანამშრომლები არიან, რომელთა ცოდნა, გამოცდილება და ერთობლივი ძალისხმევა უწყების წარმატების საფუძველია.

ღონისძიების ფარგლებში პაატა სალიამ იუსტიციის სისტემაში მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

იუსტიციის დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1918 წელს იუსტიციის სამინისტროსთან პირველი სტრუქტურული ერთეულის - საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსებას უკავშირდება.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ადვოკატების მიერ პატიმრებთან შეხვედრისას შესრულებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის წესი განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვალდებულებაზე, უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების აღსრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების წესებისა და კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული პრაქტიკა, გაცვალეს სამართლებრივი არგუმენტები და იმსჯელეს საკითხის დარეგულირების შესაძლო მექანიზმებზე.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი სამართლებრივი და პრაქტიკული გადაწყვეტის მნიშვნელობას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვასა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას.

საკითხის საბოლოოდ დარეგულირების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კონსულტაციებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გააგრძელებს.