ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2023
გაზიარება

გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში (CRPD) წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის №946 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება. კანდიდატი საქმიანობის ფარგლებში იმოქმედებს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

საკონკურსო მოთხოვნები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/82706?active=1

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 19 დეკემბრამდე.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვაზე, გაძლიერებასა და განმტკიცებაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მონიტორინგი წარმოადგენს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა

საზეიმო ღონისძიება, რომელზეც ნოტარიუსთა პალატამ 30-წლიანი საქმიანობა შეაჯამა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

იუბილეზე ისაუბრეს ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე, რომლითაც განისაზღვრა ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ქართველ ნოტარიუსებს იუბილე მიულოცეს, ასევე, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საპატიო ნოტარიუსმა რიხარდ ბოკმა და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტმა დილშოდ აშუროვმა.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და 30-წლიანი სტაჟის მქონე ნოტარიუსები, აგრეთვე - ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები.

ნოტარიუსთა პალატის იუბილეს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს თანამშრომლები, ნოტარიუსები, ასევე გერმანიის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დაესწრო. მან მინდია უგრეხელიძე სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „იუსტიციის მედლით“ დააჯილდოვა.

მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ორტომეულში თავმოყრილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოში სამართლებრივი და კონსტიტუციური აზროვნება ისტორიულად დასავლურ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ინტერესი ამ იდეის მიმართ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არსებობდა. გამოცემა წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის წყაროს, არამედ სამეცნიერო ნაშრომს თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.