ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

პარასკევი, 27 დეკემბერი, 2024
გაზიარება

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტი) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის (ASP) რიგით 24-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჰააგაში გაიმართა.

ასამბლეა პირველ დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ტომოკო აკნემ და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდენტმა პეივი კაუკორანტამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენერალური დებატების სესიაზე მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ დაადასტურა საქართველოს აქტიური თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ როლს საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით.

გიორგი დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებზე, აგრეთვე მსხვერპლთა ინტერესების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, სადაც სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიცია გაიზიარა და შედეგად რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა.

გიორგი დგებუაძემ ასამბლეის ფარგლებში გამართა შეხვედრები რომის სტატუტის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სამართლებრივ დისკუსიებში სასამართლოს საქმიანობის საკითხებზე.

ქართული დელეგაციიდან ასამბლეას ასევე ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მრჩეველი კონსტანტინე კაპანაძე.



გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ტრეფიკინგთან წარმატებული ბრძოლის სფეროში გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ქართულმა მხარემ სტუმრებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

საუბარი შეეხო ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის ოთხსვეტოვან სახელმწიფო პოლიტიკას და ამ პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედ უწყებათაშორისი საბჭოს როლს, აგრეთვე საქართველოს პროგრესს საერთაშორისო რეიტინგებსა და კვლევებში ადამიანით ვაჭრობის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. კერძოდ:

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში;

  • საერთაშორისო ორგანიზაციამ „Walk Free Foundation“, რომელიც მონობის გლობალურ ინდექსს (Global Slavery Index) ზომავს, ბოლო, 2023 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი მიაკუთვნა;

  • ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების 2025 წლის რიგით მე-4 რაუნდის ანგარიშით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის; გამარტივდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურა, გაიზარდა დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილება და გაფართოვდა ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების არეალი.