ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2026
გაზიარება

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება

მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.

ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით საქართველოს მოქალაქეების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ისარგებლებენ, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.

პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის, ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში, ასევე, განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.

მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში.

პაატა სალიას განცხადებით, თანამედროვე მიგრაციული პროცესების დინამიკა, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვს მოქნილ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რათა შესაძლებელი იყოს როგორც გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება, ისე არსებული შესაძლებლობების სრულფასოვანი გამოყენება.

მონაწილეებმა ასევე მოისმინეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში მიგრაციის სფეროში განხორციელებული უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებებისა და საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

კომისიის წევრებმა ასევე შეაჯამეს გაეროს საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის (IMRF) შედეგები, რომლის ფარგლებშიც უწყებათაშორისმა სამთავრობო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს გამოცდილება და მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

გაფართოებულ სხდომას, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქციას სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ ასრულებს.

გაზიარება
ბეჭდვა

თამარ ზოდელავა და სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის (CDNET) თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ იყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტია.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის ეროვნული ჩარჩოს განვითარების პერსპექტივები და ევროპის საბჭოს მხარდაჭერის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს CDNET-ის საქმიანობაში და დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოყენების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს, რაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.