ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2026
გაზიარება

მესტიაში ქორწინების სახლი აშენდება

მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება. პროექტის დაწყებას საფუძველი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა.

მესტიის ქორწინების სახლის არქიტექტურული პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ გარემოსა და ტრადიციულ არქიტექტურულ სტილს.

პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მესტიის ქორწინების სახლის კონცეფცია გახდა ორი პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ „Japan International Design Award“-ზე პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“, ხოლო იტალიის დედაქალაქ რომში ჩატარებულ „Rome Design Award“-ზე – ნომინაციაში „კონცეპტუალური დიზაინი“.

ახალი ქორწინების სახლი ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სერვისების რეგიონებში განვითარებას, ისე მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, კიდევ უფრო გაძლიერებას. ქორწინების რეგისტრაციის სერვისით საქართველოს მოქალაქეების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ისარგებლებენ, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ პოტენციალს შესძენს.

პროექტი სრულად შეესაბამება რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნებს და ითვალისწინებს თანამედროვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოქალაქეებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ, ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ქორწინების სახლი მესტიაში ცნობილი ქართველი პოეტის, რევაზ მარგიანის, ქუჩაზე აშენდება. ახალ შენობაში, ასევე, განთავსდება რევაზ მარგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი, რაც პროექტს დამატებით კულტურულ მნიშვნელობას შესძენს.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.