სიახლეები

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია, მომჩივნის საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და ერთხმად დაუშვებლად ცნო.
საქმე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა. მომჩივანი ორგანიზაციის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მხოლოდ ეპარქიისთვის გამოყოფა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა.
სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ პოზიციაში მთავრობა უთითებდა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია და ეპარქია შესადარებელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. ამ მხრივ მთავრობამ ყურადღება გაამახვილა მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ სტატუსზე, მის ისტორიულ და კულტურულ როლზე, ასევე მრევლისა და რელიგიური ნაგებობების რაოდენობაზე. შესაბამისად, მთავრობის შეფასებით, სადავო დაფინანსება დისკრიმინაციულ ხასიათს არ ატარებდა.
საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება მუნიციპალიტეტების დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 55 ეკლესია და მონასტერი საქართველოს ეკლესიას ეკუთვნოდა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მართვაში იყო. ამ ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ეპარქიას ეკისრებოდა. მუნიციპალიტეტში იმავე სტატუსის მქონე ორი მეჩეთიც არსებობდა. თუმცა მომჩივანმა ორგანიზაციამ ვერ დაადასტურა, რომ რომელიმე მათგანს ფლობდა, მართავდა ან მის მოვლაზე იყო პასუხისმგებელი. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების შეფასება, რომ მომჩივან ორგანიზაციას ამ ობიექტებთან არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი კავშირი არ ჰქონდა.
ზემოხსენებული განსხვავებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაასკვნა, რომ დაფინანსების საკითხში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო და ეპარქია ერთნაირ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. სასამართლოს მოსაზრებით, ამ შედეგზე გავლენას ვერ ახდენდა ვერც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა და ვერც ის ფაქტი, რომ ორივე ორგანიზაცია რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა. შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად გამოაცხადა.
Geo
Eng