ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 27 მარტი, 2023
გაზიარება

,,ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ კანონის პროექტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა წარუდგინა.

საკანონმდებლო ინიციატივა ეროვნული გეოპორტალის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) ოფიციალური ვებპორტალი იქნება. მასში აისახება შესაბამისი სივრცითი მონაცემები, რომლებსაც ფლობენ საჯარო დაწესებულებები ან, გარკვეულ შემთხვევაში, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები. სივრცითი მონაცემები მარტივად გაცვლადი და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.

NSDI-ის შექმნა ხელს შეუწყობს ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირებას; სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, საგანგებო სიტუაციების, საკომუნიკაციო სისტემების, მიწის, სამთავრობო და კომუნალური სერვისების მართვას, დაგეგმარებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას.

ამასთანავე, კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროკავშირის ქვეყნების სივრცითი ინფორმაციის ერთიან ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნები უცვლელია და განთავსებულია ბმულზე.