ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:

• სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
• ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
• სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს.
განაცხადების წარმოდგენა დღეიდან დაიწყო. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ნოემბერი.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა.

საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილიც ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საკითხს. ასევე იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს ბექა ძამაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

გაზიარება
ბეჭდვა

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა

მსჯავრდებულების პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულო მოეწყო. კულინარიული სივრცე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა რამაზ თათარაშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუსტაფა თურქერ არიმ გახსნეს. სტუმრებმა სამზარეულო დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ.

სამზარეულო სივრცეში კულინარიას ყოველწლიურად ორმოცი ქალი მსჯავრდებული შეისწავლის. ტრენინგი მოიცავს როგორც სრულ თეორიულ, ისე პრაქტიკულ პროგრამებს. კურსის დასრულების შემდეგ მათ ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემათ, რაც მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის შემდეგ კულინარიის სფეროში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

კულინარიული სივრცე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო. დაწესებულების ტერიტორიაზე გამოიყო 95 კვ.მ ფართობი, რომელსაც სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. უახლესი ტექნიკა-დანადგარებითა და შესაბამისი ინვენტარით სივრცე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისმა უზრუნველყო. სწავლებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოლეჯი „მოდუსი“ წარმართავს.

მსჯავრდებულმა ქალებმა კულინარიის შესწავლის სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ანალოგიური პროგრამა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულ დაწესებულებაში მზარეულის პროფესიას 80 მსჯავრდებული დაეუფლა. სწავლება პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ ორგანიზებით ჩატარდა.

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულოს გახსნას ესწრებოდნენ, აგრეთვე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შუა აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის უფროსი ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუში და თბილისის პროგრამის კოორდინატორი სალიჰ ოზერი.