ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი, 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრმა შვედეთის ელჩთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ თიდესტრომს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რატი ბრეგაძემ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციაა. პროცესის მხარდასაჭერად შეიქმნა და უახლოეს მომავალში ამოქმედდება სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რაც ჰარმონიზაციის პროცესის სწრაფად და ხარისხიანად წარმართვას უზრუნველყოფს. რატი ბრეგაძემ ამ მიმართულებით შვედეთთან თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივა გამოთქვა.

პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი სფერო ორმხრივი სამართლებრივი ურთიერთობები იქნება. ამ მიზნით, რატი ბრეგაძემ ულრიკ თიდესტრომს ყოველწლიური ქართულ-შვედური იურიდიული ფორუმის დაფუძნება შესთავაზა.

საქართველო მზადაა, გაიზიაროს შვედეთის გამოცდილება პენიტენციური სისტემის რეფორმების მიმართულებითაც, რაც მეტ შესაძლებლობას შექმნის პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, საკნის გარეაქტივობების მხარდაჭერისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კომპონენტების გაძლიერებისათვის.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.