ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი, 2021
გაზიარება

​რატი ბრეგაძე: "ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური"

მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრები სამუშაო ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ერთად დაგეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

„დღევანდელი შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. სახალხო დამცველს ვთხოვეთ, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და მათი ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინტერესია, პატიმრის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი - სტაბილური.

„ვკიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენი ყველა ქმედება იქნება ადეკვატური. ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ის, რომ უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ვისაც ამოძრავებს სხვა მიზნები და ამ შემთხვევაში, მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები არიან, ვურჩევთ, რომ თავი შეიკავონ ისევ და ისევ პატიმრის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში პატიმრის უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალია, რასაც დღევანდელი შეხვედრაც მოწმობს. ამისათვის მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უწყების ყველა ხელმძღვანელს 2012 წლიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ზრუნავენ პატიმრის უფლებების დაცვაზე, აგრეთვე, შეხვედრის ყველა მონაწილეს, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იუსტიციის სამინისტროს თხოვნას.

მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

გაზიარება
ბეჭდვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით შეეძლება.

იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, პარლამენტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ საზეიმოდ გახსნეს.

ჭალის იუსტიციის სახლი სრულად ადგილობრივი საკადრო რესურსით დაკომპლექტდა. სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს; მაღალმთიანი და მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, იმერეთში სამი „მობილური იუსტიციის სახლი“ ოპერირებს და რეგიონის 74 სოფლის 10 000-მდე მცხოვრებს ემსახურება.

მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი აჭარაში, ხელვაჩაურშიც გაიხსნა, კიდევ ერთი ფილიალი კი, წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას შეემატება. იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში.
იუსტიციის სახლის ფილიალები და „მობილური იუსტიციის სახლები“ ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 6 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი კი, 1 მილიონზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.

ჭალის იუსტიციის სახლის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.