ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

სამშაბათი, 22 ნოემბერი, 2022
გაზიარება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი და თანმდევ კანონებში შესატანი ცვლილებები იქნა განხილული. სხდომას უძღვებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.

შეხვედრაზე დეტალურად გაანალიზდა საბჭოს წევრთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მომზადებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ცვლილებათა პაკეტის ინიციირებისა და შემდგომი განხილვების ვადების თაობაზე.
სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის პროფესორებსა და სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილ სპეციალისტებს წარმოადგენენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მეცნიერებასა და სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჩარჩოს (Framework for Effective Land Administration – FELA) შემდგომ განვითარებას, ასევე, ეფექტიანი მიწის ადმინისტრირების ჰაბის შექმნის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მიწის ადმინისტრირების სისტემების გაძლიერებას.

მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის საფუძველზე, საქართველომ გამოთქვა მზაობა, შეუერთდეს გაერო-ს ახლად შექმნილ მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ექსპერტთა ჯგუფს (Expert Group on Land Administration and Management – EG-LAM), რომელიც გლობალურ დონეზე მიწის ადმინისტრირების პოლიტიკის, ძირითადი მიდგომებისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.

ჯგუფში საქართველოს ჩართულობა ქმნის შესაძლებლობას, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გამოყენებულ იქნეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შემდგომი დღის წესრიგის ფორმირების პროცესში.

UN-GGIM-ის მე-16 სესიაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საერთაშორისო პროცესებში, ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს ექსპერტული გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.