ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 14 მაისი, 2022
გაზიარება

„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

იუსტიციის სამინისტროს წარმატებული პროექტის − „მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის მცხეთა-მთიანეთის 5 სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 17 000-ზე მეტ მომხმარებელს 470-მდე სერვისს მიაწვდის. წეროვანის დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მობილური იუსტიციის სახლის მომსახურების მიღებას საცხოვრებელ ადგილას შეძლებენ.

მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ იუსტიციის სახლის სერვისები პირადად იუსტიციის მინისტრისაგან მიიღო. რატი ბრეგაძემ წეროვანში მცხოვრებ მარიამ ჭულუხაძეს შვილის დაბადების მოწმობა გადასცა. მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, აგრეთვე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ მე-6 მობილური იუსტიციის სახლი. მოხარული ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მოქალაქეებს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს. პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს მოიცავს.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე - „თ.ხ. საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სახელმწიფომ სწორად დაიცვა ბალანსი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამართლებრივი დავის მიმდინარეობისას.

საჩივარი ეხებოდა ფიზიკურ პირებს შორის მიმდინარე დავას, რომელიც სოციალურ მედიაში 2016 წელს გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდებოდა (თავად პოსტი 2011 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხებოდა).

სასამართლომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეს იყო კერძო პირებს შორის არსებული დავა, რომელიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ მოითხოვდა. სასამართლოს მითითებით, ეროვნულმა უწყებებმა მომჩივანს მკაფიოდ განუმარტეს, რომ საკითხი სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო, თუმცა მას ამ გზისთვის არ მიუმართავს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ საქმეში სისხლისსამართლებრივი მექანიზმების არარელევანტურობის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებმა 2016 წელს საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები დაუყოვნებლივ ჩაატარეს და საქმის წარმოებისას რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნები უცვლელია და განთავსებულია ბმულზე.