ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ფინანსთა მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბექა ძამაშვილმა, ლანა მორგოშიამ და გიორგი დგებუაძემ დელეგაციის წევრებს იუსტიციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იუსტიციის სახლის კონცეფციამ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებამ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის ციფრული მმართველობის და სახელმწიფო სერვისების მიწოდების განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, ბიზნესზე ორიენტირებულ სერვისებსა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს.

შეხვედრის შემდეგ, ბოტსვანას რესპუბლიკის დელეგაცია სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში გაეცნობა.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩთან სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაცაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების კიდევ უფრო განვითარება და სხვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ და ჰიონ დუ კიმმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად განიხილავს ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეები მუშაობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც თბილისში ციფრული მმართველობის ერთობლივი ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს. აღნიშნული ცენტრი შექმნის ინოვაციურ პლატფორმას მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.

კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.