ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

შაბათი, 06 აგვისტო, 2022
გაზიარება

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ თელავში ჩაატარეს

რა გამარჯვებებს მიაღწია იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად − ამ თემაზე ლექციათა ციკლი დღეს თელავში გაგრძელდა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი აუდიტორიას სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. მინისტრის მოადგილეების განმარტებით, ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ედებათ ბრალი. სტრასბურგის შემდეგ ამ გადაწყვეტილებით უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა დეპარტამენტს ახალი სპეციალიზებული ავტომანქანები და თანამედროვე შეიარაღება გადასცა

პაატა სალიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად, დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ესკორტირებისათვის განკუთვნილი 38 ახალი სპეციალიზებული ავტომანქანა და თანამედროვე შეიარაღება გადასცა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პენიტენციური სისტემის ტექნიკური აღჭურვის კუთხით. განახლდა სამსახურის არსენალი და ავტოპარკი. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას. ამ მიზნით მოეწყობა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება პენიტენციური სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, რამაზ თათარაშვილმა.

იუსტიციის სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც 2028 წლის დასაწყისში დასრულდება. კერძოდ, დაგეგმილია ახალი ბაზის, ცეცხლსასროლი იარაღის დახურული სასროლეთის, სპორტული მოედნების, სატრენაჟორო სივრცეების, ტრენინგცენტრის და სასწავლო აუდიტორიების მშენებლობა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოამზადა.

შეხვედრას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი, რამაზ თათარაშვილი ესწრებოდა.

პაატა სალიამ სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ საკითხებზე უწყებებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.