ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023
გაზიარება

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 11 ივლისის №921 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად წარიმართება.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 15 აგვისტომდე. კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/80232?active=1

კონკურსის შედეგად საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი პასუხისმგებელია გაერო-ს ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებასა და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მონიტორინგზე.

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში. პაატა სალიამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის და რეგიონის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

„ჩვენი გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მთლიანად რეგიონის სამართლებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უწყობს ხელს“, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

პაატა სალიამ იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იდეებს, ერთობლივ ინიციატივებსა და გრძელვადიან პარტნიორობას.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები თემატური სესიების ფარგლებში იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე. აგრეთვე, ორი ქვეყნის მთავრობების ადმინისტრაციის, გენერალური პროკურატურების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილიც ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საკითხს. ასევე იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს ბექა ძამაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.