ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

ოთხშაბათი, 21 დეკემბერი, 2022
გაზიარება

მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებსა და „კარდაკარ“ კამპანიის შედეგებზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთობლივი ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე კამპანიების შედეგების განხილვა, რომლებიც მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებას ემსახურება.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა კემლინ ფურლიმ.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები დადებითად ფასდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპის ქვეყნებს შორისაც საქართველო ამ მხრივ მოწინავე პოზიციებს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო ინარჩუნებს მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის მკვეთრი კლების ტენდენციას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს ყველა ასეთი პირის დოკუმენტირებას მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის მიზნით“, - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა და მადლობა გადაუხადა UNHCR-სა და სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგებისთვის.

კემლინ ფურლიმ ხაზი გაუსვა მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას, რაც კიდევ უფრო მეტად აახლოებს ქვეყნის პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, ასევე, UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე „კარდაკარ“ კამპანიის ფარგლებში შესრულებული აქტივობები და მათი შედეგები.

ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სხვა სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ რუსეთ-საქართველოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

იუსტიციის მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 18 წელი გავიდა. იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებში წარმატებით იცავს საქართველოს ინტერესებს და ამზადებს სამართლებრივ საფუძველს ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის; კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში მოგებულია ორი სახელმწიფოთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ და ყველა (3 300-მდე) საქმე საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომლებიც ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მხრიდან რუსეთის კოორდინაციით შევიდა. შედეგად, დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევისთვის 2008 წლის ომის დროს და შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება; გამოცემულია დაკავების ორდერები საქართველოს მოსახლეობის მიმართ დანაშაულის ჩამდენ სამ პირზე.